აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სესიები მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობა მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხურ სამოციქულო ეკლესიის რელიგიურმა ლიდერებმა, ახალქალაქისა და ახალციხის ექიმებმა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. პროექტი ვაქცინაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.
"ჩვენ ხელს ვუწყობთ ვაქცინაციას და ვახალისებთ ვაქცინაციას, რათა მიიღონ პრეპარატი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისთვის, ოჯახისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის. ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება უკან დასაბრუნებლად," - აცხადებს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ღასან ხალილი.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელმაც ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელობაზე.
"ადამიანებს კიდევ უფრო მეტად დავუსაბუთოთ, ავუხსნათ, ვესაუბროთ ყველა იმ შესაძლო კითხვაზე, რომელიც მათ უჩნდებათ და ამ ყოვლისმომცველი საუბრის შემდგომ ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია, მათ შემდგომ ეს ინფორმაცია უნდა გაავრცელონ თავის თემში და საზოგადოებაში, ოჯახის წევრებს უნდა მოუყვნენ ამის შესახებ," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.