საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისრაელის ელჩთან შეხვედრისას ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო წუხილი გამოთქვა. რატი ბრეგაძემ და რან გიდორმა ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.
აუდიენციის დროს მათ დაგმეს სარაკეტო თავდასხმები და იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში ვითარება მალე განიმუხტება.
"მკაცრად ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში სიტუაცია განიმუხტება და მოსახლეობას მშვიდობიან გარემოში ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს.
თავის მხრივ, მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი ისრაელის ელჩმა.
"ისრაელსა და საქართველოს ორმხრივი საკითხების უზარმაზარი სპექტრი აქვთ განხილვისთვის, განსაკუთრებით იურიდიულ სფეროში. ჩვენი იუსტიციის სამინისტროსთან მუშაობის გამოცდილება სამაგალითოა. პანდემიის დაწყებამდეც, მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ამ შეხვედრამ კარგი შესაძლებლობა მოგვცა, რათა დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა, გამოგვეხატა მადლიერება და ხაზი გაგვესვა რომ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას კოვიდის დამარცხების შემდეგ პერიოდში," - აღნიშნა რან გიდონმა.