ისრაელში არეულობების დროს ქართველი-ებრაელი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მორის ჯანაშვილს თავს ქალაქ აკოში არაბები დაესხნენ. მათი გაღიზიანება ჯანაშვილის ავტომობილზე ისრაელის დროშის დანახვამ გამოიწვია.
დაშავებული ამბობს, რომ მას ქვებს ურტყამდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ქართველი ებრაელის თქმით, ის არაბმა მეზობლებმა გადაარჩინეს.
"დედაჩემის სახლისკენ მივდიოდი. იმ ტერიტორიაზე ასობით არაბი იყო შეკრებილი, როცა დაინახეს, რომ მანქანაზე ისრაელის დროშა მქონდა დამაგრებული, ქვების სროლა დაიწყეს. ავტომობილს ვეღარ ვმართავდი, გადმოვედი და დედაჩემის სახლისკენ გავიქეცი. ისინი გამომეკიდნენ, მე წავიქეცი, თავს მესხმოდნენ, ქვებს და აგურებს მირტყამდნენ. მეგონა იქიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი. ეს ყველაფერი ჩემმა არაბმა მეზობლებმა გაიგეს და მათ გადამარჩინეს," - განაცხადა დაზარალებულმა მორ ჯანაშვილმა.
დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.