საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც საარჩევნო რეფორმის დამტკიცების შემდეგ უნდა განხორციელდეს.
მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად, თუ პირი ვერ დააკმაყოფილებს კონსტიტუციურ ცენზებს, ის არ შეიძლება იყოს ჩართული საარჩევნო აგიტაციაში.
"კომისიებში, სამივე დონეზე ოპოზიციის წარმომადგენელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. თითოეულ საარჩევნო კომისიაში 8 ოპოზიციურ პარტიას ეყოლება 8 წარმომადგენელი. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებში მინიმუმ 10% გადაითვლება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. შემოღებული იქნება 100 მეტრიანი რადიუსი.
იცვლება საარჩევნო სისტემა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, პირი რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ ცენზებს, არ შეიძლება იყოს ჩართული საარჩევნო აგიტაციაში,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობამ პარლამენტის შენობაში გადაინაცვლა.
მხარეები საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე პროექტზე შეთანხმდებიან, დოკუმენტს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან და მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცებენ, რაც ევროპის საბჭოს ორგანოსგან შეფასებებს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის თემა, სადაც პოლიტიკოსებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ.