მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები პოზიციების დაახლოებას ცდილობენ. ერთ-ერთი საკითხი უკავშირდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნას. ხელისუფლების ოპონენტებს სურთ ეს კვოტა ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენელმა. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ცესკოს მოადგილე პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამართლებრივად სისტემაში არ ჯდება ის ფაქტი, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციური პარტიის წევრი უნდა იყოს.
"მსჯელობის საფუძველს წარმოადგენს ცვლილებების ის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ მარტში იქნა ინიცირებული და რომელზეც არსებობს ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივი დასკვნა. ეს არის ბაზისი, რომელზეც ვმუშაობთ, რაშიც შევა ცვლილებები, ვენეციის კომისიის დასკვნიდან და 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე. ეს ცვლილება, რაც უნდა შევიდეს, ძირითადად შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს. ერთ-ერთი საკითხი არის მოადგილის საკითხიც. იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში არის ჩანაწერი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წევრი. ჩვენ მაშინვე გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ ვინაიდან დიდ შეთანხმებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. მოადგილის ფუნქციას ხვდებით რაც არის, იმ შემთხვევაში თუკი ცესკო-ს თავმჯდომარე არ ასრულებს მოვალეობას, გადადგება ან დროებით არ ასრულებს, ამ დროს მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას და გამოდის, რომ პარტიულად მიკერძოებული პირი იქნება რაღაც პერიოდი ცესკო-ს თავმჯდომარე, რაც სამართლებრივად, რა თქმა უნდა, სისტემაში არ ჯდება, თუმცა მეორე მხრივ, გვესმის, რომ ეს არის შეთანხმების ნაწილი და ამას განვიხილავთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.