საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ ძალებთან შეხვედრებს მართავს. კახა კუჭავა პარლამენტში შექმნილი პირველი ოპოზიციური ფრაქციის წევრებს უკვე ესაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრის დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას ახალი ფრაქციის წევრებმა გააცნეს. კახა კუჭავასთან დეპუტატებმა შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი საკითხების იმპლემენტაციაზე, ამნისტიის კანონპროექტებსა და საარჩევნო რეფორმაზე იმსჯელეს.
"ლელო პარტნიორობა საქართველო" შესაძლოა მხოლოდ ერთი ფრაქცია არ იყოს პარლამენტში. ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციების რეჟიმშია და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.
კოლეგა ოპოზიციონერები თუ ფიქრის რეჟიმში არიან, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ "მოქალაქეებში". ალეკო ელისაშვილის თქმით, მას საპარლამენტო საქმიანობისთვის ფრაქციის ფორმირება არ სჭირდება.
მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად მინიმუმ 7 წევრია საჭიროა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში უკვე განიხილება ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფრაქციის ფორმირებისთვის 4 წევრიც საკმარისი იქნება.
ოფიციალურად ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობაა", თუმცა პარტია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.
პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ განსხვავებული პოზიციებია, აზრი ორადაა გაყოფილი.