26 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში - არტილერიის და ავიაციის ერთდროული ცეცხლი ისრაელის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით

ბოლო ოთხი დღე ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო ემსგავსება სცენარს, რომელიც მსოფლიოს პალესტინა-ისრაელის საზღვრებთან, სულ მცირე, ორჯერ უკვე უნახავს. სარაკეტო იერიშების გაცვლის ფონზე, ისრაელი უკვე ხმელეთიდან მობილიზდა და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებს ჰამასის მიწისქვეშა პოზიციებზე. ჯერჯერობით ტანკებს ისრაელის კონტროლირებადი ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა ერთი სიტყვა და ეს რეალობად იქცევა. მზადყოფნა არის.

საფასურს ჰამასის გარდა მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის, მათ შორისაა 31 ბავშვი, რომელთა სიცოცხლეც ღაზას სექტორში მოუგვარებელ კონფლიქტს შეეწირა. 119 გარდაცვლილი, 600 დაშავებული, დანგრეული სახლები - პალესტინელები უსაფრთხო ადგილს ეძებენ. ვიდრე ხელმძღვანელობა ისრაელს უპასუხებდეს, გაბრაზებას ვერ მალავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც 19 ქვეყნის ლიდერს თემაზე უკვე ესაუბრა.

კითხვები ლიბანმაც გააჩინა, რადგან ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს, თუმცა ისინი ხმელთაშუა ზღვაში ჩაცვივდა. ამის უკან, მედიის ცნობით, პალესტინური დაჯგუფებები დგას. ისრაელზე სარაკეტო იერიშები ღაზიდან არ ჩერდება, მსხვერპლი 9-მდე გაიზარდა. აშკელონში, ბეერშევაში, შდეროთშიაშდოთში ღამე ბუნკერებში გაათენეს. მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც.

ისრაელში ვითარებას  შიდა არეულობები ართულებს, სადაც არაბები და ებრაელები ერთმანეთს პერმანენტულად უპირისპირდებიან. ქალაქ აკოში ასეთ არეულობაში მოხვდა ქართველი ებრაელი, მორ ჯანაშვილი, რომელსაც მოძალადეებმა უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, ის მეზობელმა არაბებმა გადაარჩინეს. საქართველოს ელჩი არ გამორიცხავს, რომ ამგვარ ფაქტებს  ადგილი კიდევ ჰქონდეს და სიფრთხილე აუცილებელია.

ნეთანიაჰუს კრიტიკოსები მის ქმედებებში პოლიტიკურ შემადგენელს ხედავენ და ესკალაციას პოლიტიკურ კრიზისს უკავშირებენ. თუმცა, დასავლეთი მას მხარდაჭერას უცხადებს.

ვენა ისრაელის სოლიდარულია და კანცელარიის თავზე ისრაელის დროშაც კი ააფრიალა. ემანუელ მაკრონმა მხარეებს მშვიდობისკენ სამ ენაზე მოუწოდა, ორი პოსტით "ტვიტერზე".

ახლა კონფლიქტის გადაჭრაში ყველა თავისებურადაა ჩართული. ვიდრე 16 მაისს გაეროს უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება, საკუთარი დიპლომატიის იმედადაა აშშ. სათქმელი აქვს მოსკოვსაც.

ამ მოცემულობაში რელიგიური კომპონენტი იმდენად მაღალია, რომ ეს მსოფლიოშიც იგრძნობა. პალესტინელების მხარდამჭერი აქციები ჩატარდა ლონდონში, ნიუ-იორკში, ისტამბულში, ათენში, პარიზში, ბერლინში. აქ სინაგოგასთან აქციას ისრაელის დროშების დაწვა მოჰყვა. მერკელმა ფაქტი დაგმო. მისთვის ღაზის სარაკეტო იერიშები ტერორისტული თავდასხმებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტელ მომლაპარაკებლებს დაზავებაზე ისრაელმა უარი უთხრა, ახლა პროცესში სხვა მომლაპარაკებლების ძალისხმევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დღის ამბები