17 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
ოპოზიციის კვოტით, თუ პროფესიული წრეებიდან - ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის შესახებ პოლიტიკური ოპონენტების პოზიციები ისევ განსხვავებულია 

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები საარჩევნო კოდექსის განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. არის თემები, რაზეც მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, მაგალითად, ეს არის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურა. იქნება ის შერჩეული ოპოზიციის კვოტით, თუ პროფესიული წრეებიდან.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მხარეების პოზიციები საკმაოდ დაახლოებულია და რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები არ არის. მათი ვარაუდითა და მოლოდინები, შეთანხმება მიღწეული იქნება და ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბდებიან.

"წინა ორმა შეხვედრამ გვანახა, რომ საკმაოდ დაახლოებულია პოზიციები, რადიკალურად განსხვავებული პოზიციები არ არის, როგორც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. ასე რომ ვფიქრობ, რომ მოხდება და მოხერხდება შეჯერება პოზიციების, რომ ერთ კანონპროექტზე, ერთ ინიციატივაზე იმსჯელოს პარლამენტმა უკვე," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.  

რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათ ოპონენტებს საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ სამართლიანი წინადადება შესთავაზეს, როდესაც განიხილავდნენ თავმჯდომარის მოადგილის საკითხს.

"ქართული ოცნების გუნდს აქვს სამართლიანი შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომ პირველი მოადგილე იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, უფრო მეტი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი და საჭიროების შემთხვევაში, სწორედ ის იყოს მოვალეობის შემსრულებელი. თუკი ამ სამართლიანი და რაციონალური არგუმენტის საწინააღმდეგო არგუმენტს ვინმე წარმოადგენს, სიამოვნებით მოვისმენ, თუმცა აქამდე  ესეთი არგუმენტი არ წარმოდგენილა," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სანამ რეფორმას საბოლოო კენჭისყრით მიიღებს პარლამენტი, ის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

"ნდობა არჩევნების მიმართ გაიზარდოს, შემოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები, პროცესი გახდეს კიდევ უფრო გამჭვირვალე და ყველანაირი საფუძველი იყოს იმისთვის შექმნილი, რომ მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევნისთვის უარის თქმა არ შეეძლოს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, როგორც სამწუხაროდ თვეების წინ მოხდა საპარლამენტო არჩევნებზე," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები