ვინ წარადგენს ცესკოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, იქნება თუ არა ის ოპოზიციური პარტიების კვოტით - ამ და სხვა შეუთანხმებელ საკითხებზე დღეს ოპოზიციის და უმრავლესობის წევრები იმსჯელებენ. შეხვედრა პარლამენტში 2 საათში იწყება.
მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების შეჯერება დღეს შესაძლებელი გახდება. ვენეციის კომისია განახლებულ დოკუმენტს მომავალ კვირას ელოდება.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეუთანხმებელი საკითხი ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თემას, მის რაოდენობას და ვისი კვოტით იქნება ის წარმოდგენილი - იქნება ის ოპოზიციის კვოტით, თუ იქნება ნეიტრალური კანდიდატი.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება და საერთო პოზიციებზე შეჯერდებიან.
"მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური კვოტით და შემოთავაზებულ ვარიანტში წარმოდგენილია სამი ოპოზიციური მოადგილე, რაც ჩემი აზრით, არის სრულიად ზედმეტი. თუ შევთანხმდებით ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატზე. იმის ალბათობა, რომ ამ ადამიანმა უარი თქვას თავის უფლებამოსილების შესრულებაზე, მაინცდამაინც არჩევნების წინ გახდეს ავად ან რაღაც საბოტაჟი გადაწყვიტოს, ამის ალბათობა იმდენად მცირეა, რომ ეს მოადგილის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის გადამწყვეტი," - აცხადებს პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი.
პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით საკითხზე კოპრომისული ვერსია არსებობს.
"არის რამდენიმე ვერსია, როგორც იყო ჩაწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაში, ამასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებასაც" ჰქონდა თავის მოსაზრებები, როგორ წაეკითხა, ოპოზიციასაც, მაგრამ როგორც მე ვიცი, კომპრომისული ვერსია არსებობს," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.