ვინ წარადგენს ცესკოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, იქნება, თუ არა ის ოპოზიციური პარტიების კვოტით - პოლიტიკური მხარეები საარჩევნო რეფორმის განსახილველად მორიგი შეხვედრისთვის ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მისი სურვილია, დარეგისტრირდეს ერთი, საერთო დოკუმენტი, რომელიც კონსესუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი.
"არის სხვადასხვა მოსაზრებები, არის მსჯელობა. მე ამ პროცესის მონაწილე არ ვარ, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საბოლოო ჯამში დარეგისტრირდეს ერთი მთლიანი კანონი, რომელიც კონსესუსის საფუძველზე იქნება წარმოდგენილი. ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომ უკვე ახალი საარჩევნო კოდექსით მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება," - აცხადებს კახა კუჭავა.
განცხადება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
"თვითონ ოპოზიციას უნდა, რომ კვლავ რაღაც ნაწილმა მაინც დაიტოვოს დესტრუქციული დღის წესრიგი და ისევე როგორც 8 მარტის ხელშეკრულების შემდეგ არანაირ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მათ შორის საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს, რომ შემდგომ ეს გამოეყენებინათ რაც 6 თვე აკეთებდნენ, თითქოს და გაყალბებული არჩევნებისთვის, აი ესეთი ხვრელი დაიტოვონ. სხვა მხრივ, მე ვფიქრობ, რომ არსებული კოდექსის ეს რედაქცია არის ყოველმხრივ ნორმალური და მისაღები," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.