17 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
საარჩევნო საკითხი არ არის ისეთი თემა, სადაც კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია - იაგო ხვიჩია 

ამ წუთებში პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო კოდექსზე შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ დღეს შეთანხმება შედგება.

დღის წესრიგშია ტექნიკური თემები, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის საკითხი. დღეს უნდა გაირკვეს, რამდენი მოადგილე ეყოლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და როგორ გადანაწილდება კვოტები.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს რომ დოკუმენტის მიხედვით, მოადგილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი უნდა იყოს. 

"დოკუმენტში ცალსახად წერია, რომ მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ დასახელებული პირი, რომელსაც ექნება ფართო მხარდაჭერა სხვა ოპოზიციური პარტიებისგან. ეს წერია, ამის რევიზია ვერ მოხდება. თუ სისტემა ვერ გასწორდა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, მათ შორის უბნის და ოლქის დონეზე, ეს რეფორმა ვერ მიაღწევს თავის მიზანს," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ საარჩევნო საკითხი არ არის თემა, სადაც კონსენსუსის მიღწევა შეიძლება შეუძლებელი იყოს.

"ამ წუთას იქ მოადგილის უფლებამოსილებებია მთავარი, არ ყოფნის შემთხვევაში როგორ ხდება უფლებამოსილებების განხორციელება, შესაძლებელია ხდებოდეს ერთობლივად, შესაძლებელია ხდებოდეს ვინმეს მიერ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა შევჯერდეთ. ორი მოადგილის არსებობა არ მგონია გადაულახავი პრობლემა.

საარჩევნო საკითხი ზოგადად, არ არის ისეთი თემა, სადაც შეუძლებელია კონსენსუსის მიღწევა, თუ მოვინდომებთ,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები