ამნისტიის კანონპროექტის განხილვა მომავალი კვირიდან კომიტეტებში გაგრძელდება. უმრავლესობას იმედი აქვს, რომ მათი და ოპოზიციის არგუმენტები დაახლოვდება და პროექტის ერთიანი ვერსია შემუშავდება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპონენტების კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტის არსისგან დაშორებულია და იმედოვნებენ, რომ შეთანხმება მოხერხდება.
"მე დიდი იმედი მაქვს, ოპოზიცია გაიაზრებს, რომ მათ მიერ დაინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი არის წინააღმდეგობრივი როგორც მიშელის დოკუმენტთან, ასევე, სამართლებრივ საფუძვლებთან. ამდენად, ჩვენს მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს შემოუერთდებიან და იქნება მიღებული ამნისტიის ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს დაინიცირებული,"- აცხადებს მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ კომპრომისის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
"ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი კიდევ იქნეს მიღწეული, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროექტი სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია, ადამიანის ყველა უფლება დაცულია და იმ შეთანხმების სულისკვეთებას ითვალისწინებს"- აცხადებს ქადაგიშვილი.