საარჩევნო რეფორმაზე პოლიტიკური მხარეები დღეს უნდა შეთანხმდნენ. სამუშაო ჯგუფი პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიკრიბება.
პარტიებმა საბოლოოდ უნდა შეაჯერონ პოზიციები და ვენეციის კომისიას ერთი დოკუმენტი გაუგზავნონ.
იმის მიუხედავად, რომ დისკუსიის დასრულებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, ჯერ კიდევ არის თემები, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, ასეთია მაგალითად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი.
"ლელო საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ცვლილების მიზანი უნდა იყოს ადამიანთა ნდობის დაბრუნება.
"თუ ცვლილებას მივყავართ ნდობის დაბრუნებამდე, ეს ცვლილება კარგია, თუ გვაშორებს ნდობას და გამჭირვალობას, ეს ცვლილება საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესს,"- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ მთავარი სისტემის და შემადგენლობის შეცვლაა.
"მთავარი სისტემის და შემადგენლობის შეცვლაა, თუ თამარ ჟვანიას არ ექნება უმრავლესობა, მას ექნება თავის ერთი ხმა. თამარ ჟვანია რომც შეიცვალოს, "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენელი იქნება, ამიტომ ეს დიდ ცვლილებას არ მოგვცემს,"- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ძირითადი საკითხები შეჯერებულია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ პოზიციები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაახლოებულია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული ნიშნებით უნდა ჩატარდეს.
"პოზიციები დაახლოებულია და გარკვეულ საკითხებზე შეჯერებულები ვართ. თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული ნიშნებით უნდა ჩატარდეს,"- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 5 საათზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საარჩევნო კოდექსს განიხილავენ.