საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის თქმით, დმანისში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობს, პოლიცია ეფექტურად მუშაობს.
"პოლიცია მუშაობს უაღრესად ეფექტურად. მას შემდეგ, რაც სიტუაცია საბოლოოდ დამშვიდდება და დასტაბილურდება, ამის შემდგომ მოხდება კიდევ უფრო მეტი სიღრმისეული ანალიზის გაკეთება. ამიტომ ნაადრევი შეფასებები დამაზიანებელია პროცესისთვის. პოლიცია არის მშვიდობისთვის განწყობილი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ მოხდეს ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა და მხარეებმა შეძლონ შერიგება," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა "კურიერთან" საუბრისას.
ამასთან, ღუდუშაური გამოეხმაურა ხელისუფლების ოპონენტების შეფასებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ადგილზე პოლიცია ვითარებას ვერ გაუმკლავდა და მათი ნაწილი შს მინისტრის გადადგომას ითხოვს.
"ჩვენ თუ სურათს უფრო ფართოდ შევხედავთ, დავინახავთ, რომ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში პოლიციას, სხვა გზა რა ჰქონდა, რომ ჩავსულიყავით, ასე ვთქვათ ჯავშანტექნიკით, ჩაგვეყვანა კიდევ უფრო მეტი საპოლიციო ძალები და მომხდარიყო კიდევ უფრო დაძაბულობა სიტუაციის. როდესაც შედის პოლიციის ქვედანაყოფები ასეთ სიტუაციაში უფრო მეტი დრამატიზირება ხდება სიტუაციის და მობილიზება ხდება აგრესიული ჯგუფების, ამიტომ პოლიციას უნდა ვაცადოთ სამუშაოების შესრულება და თუ დღის ბოლომდე არ გვექნება ის მოცემულობა, რომ მხარეები ერთმანეთში რიგდებიან, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია პოლიცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე არის, ჩვენ ვართ ერთი მხარე, რომელსაც საქართველო ჰქვია, ამიტომ პოლიციაც დგას იქ, სადაც არის საზოგადოების ინტერესი," - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.