კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. სპიკერის ხელმძღვანელობით ქართველი კანონმდებლები ევროპარლამენტის პრეზიდენტს, კომიტეტის თავმჯდომარეებს და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ხვდებიან.
კახა კუჭავას, როგორც პარლამენტის ახალი თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ ევროკავშირის დედაქალაქშია. მმართველ გუნდში ამბობენ, ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ პრიორიტეტულია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და ამ ვიზიტის ფარგლებში სწორედ ეს იქნება მმართველი გუნდის მთავარი გზავნილი.
დელეგაციაში ასევე შედის "მოქალაქეების" გენმდივანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, რომელიც თვლის, რომ რეფორმების გარეშე საქართველოს ევროპული მომავალი წარმოუდგენელია.
"ამ კრიზისმა მოგვცა შანსი, რომ უფრო ჩქარა გავიაროთ ის გზა, რომელსაც გავივლიდით სხვა შემთხვევაში და ეს არის რეფორმების გზა, რომელიც უნდა გავიაროთ," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პირველი შეხვედრა სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფის წარმომადგენლებთან გაიმართა, მათთან, ვინც მუშაობს რეგიონის თემებზე და ამზადებენ ანგარიშებს ევროსტრუქტურების წარმომადგენლებისთვის. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
მათი განცხადებით, ნიკა მელიამ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი ადგილები უნდა დაიკავონ და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ.