17 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
სამი პოლიციელია დაშავებული და ამ ეტაპზე ლეტალურად მძიმე შედეგი არ გვაქვს - გოგი მეშველიანი დმანისის მოვლენებზე

დმანისში შექმნილი ვათარების გასაცნობად და პროცესების განსამუხტად ადგილზე პარლამენტარებიც იმყოფებიან.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, ახლა აუცილებელია სიტუაციის დეესკალაცია. 

"დმანისში ამ დროისთვის ვითარება არის შედარებით მშვიდი. ვითარებას საპოლიციო ძალები აკონტროლებენ. ჩვენი უპირველესი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია და შემდგომი დაპირისპირებების თავიდან არიდება.

სიმართლე გითხრათ, რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია მოსალოდნელ დაძაბულობასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვქონია. შესაბამისად, გუშინდელი ამბავი იყო მოულოდნელი ჩემთვის. საყოფაცხოვრებო დაპირისპირება კი ალბათ ყველა რეგიონში ხდება.

პოლიციამ ყველა ზომა მიიღო, რომ დასახლებაში დაწყებული კონფლიქტი დროულად აღმოეფხვრა. მე ვფიქრობ, პოლიციამ იმუშავა კარგად, რომ ეს დაპირისპირება უფრო რთულად და ლეტალურად არ დასრულდა.

სამი პოლიციელია დაშავებული და ამ ეტაპზე ჩვენ ლეტალურად მძიმე შედეგი არ გვაქვს,"-აღნიშნა გოგი მეშველიანმა.

როგორც გოგი მეშველიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს ჰქონდეთ საქართველოში სრულფასოვანი თანაცხოვრების განცდა.

დღის ამბები