17 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
დმანისში სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სათანადოდ იმოქმედეს, რის საფუძველზეც ვითარება განიმუხტა - ირაკლი კობახიძე

დმანისში განვითარებულ მოვლენებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ეფექტურად იმოქმედა, რის საფუძველზეც ვითარება განიმუხტა.

"გუშინვე იყო რამდენიმე ადამიანი დაკავებული. რაც შეეხება პოლიციის რეაგირებას, ეს რეაგირება სათანადო და ადეკვატური იყო. ამის შედეგები კი ყველამ იხილა. ის, რომ ამ პრობლემის დეესკალაცია ერთ დღეში მოხერხდა, იმაზე მეტყველებს, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სათანადოდ იმოქმედეს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

არჩილ თალაკვაძის თქმით კი,  სახელმწიფო ამ კანონდარღვევას კარგად მიუდგა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

"ინციდენტი ამოწურულია, მესმის, რომ ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს სურდა სიტუაცია უფრო დაძაბულიყო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს საქმის კეთებაში შევეჯიბროთ. ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და ეს მიუღებელია ყველა შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ეთნიკური წარმომავლობის არის ესა თუ ის ადამიანი. სახელმწიფო კი ამ კანონდარღვევას სწორედ ასე მიუდგა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა,"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. 

დმანისში დაპირისპირებული მხარეების შერიგების შემდეგ ღამემ მშვიდად ჩაირა, თუმცა რეგიონში პოლიცია ამ დრომდე რჩება.

ორდღიანი მწვავე დაპირისპირების შემდეგ, ვითარებას სამართალდამცავები პრევენციულად აკონტროლებენ.

ამ დრომდე იკითხებიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია. 

დღის ამბები