საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა გრძელდება. დღეს საპარლამენტო ჯგუფმა უნდა იმსჯელოს საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, მათ შორისაა ელექტრონული რეგისტაცია. დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
შეთანხმებული დოკუმენტი ახლა უკვე საერთაშორისო ექსპერტების შეფასების მოლოდინშია. სანამ პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, მასზე დღეს თბილისში პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
"სიფრთხილით ვაფასებ მიღწეულ პროგრესს იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ბოლომდე გავიდეთ და დავინახოთ საბოლოოდ რა სახეს მიიღებს კანონი და მეორე, ეს კანონი იყოს დანერგილი ისე, რომ სწორი კანონი თუ რეგულაციები არ დარჩეს ფურცელზე," - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია. გადაწყდა, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ორი მოადგილე, ერთი პროფესიული ნიშნით შერჩეული, მეორე კი ოპოზიციური პარტიების კვოტით დანიშნული.
"12 წევრიდან რომ 10 წევრი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ეს არის სრულად მიუღებელი და ამას ვცვლით არსებითად და ფუნდამენტურად, რაც ნიშნავს იმას, რომ 17 წევრისგან იქნება წარმოდგენილი და აქვე იქნება წარმოდგენილი 9 საუკეთესო შედეგის მქონე პარტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ამასთან, პროფესიული ნიშნით შერჩეული პირების მეტი გამჭვირვალობის და კონკურენციის მექანიზმები ჩავდეთ და ასევე, დამტკიცებისას არ არის საკმარისი უბრალო უმრავლესობა, როგორც აქამდე იყო, აუცილებელია 2/3-ით ამ ადამიანების დამტკიცება, რაც ხელს შეუწყობს ნდობის და ლეგიტიმაციის ხარისხის გაზრდას," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
სახელისუფლებო პარტიის ოპონენტების შეფასებით, მას შემდეგ, რაც ცვლილებები ძალაში შევა, ქვეყანა ამბიციურ საარჩევნო რეფორმას მიიღებს, არჩევნების გაყალბება კი მათი შეფასებით, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, ახლა უკვე სრულად არის დაახლოებული შარლ მიშელის დოკუმენტთან. მასში ასევე ასახულია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მათ გარკვეულწილად მოუწიათ პოზიციების დათმობას და არ ეთანხმებიან იმას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობა მისი არ ყოფნის პირობებში შეასრულოს ოპოზიციური პარტიების კვოტით დანიშნულმა პირმა. ეს მათი შეფასებით არასამართლიანი მიდგომაა.
"ეს არის ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელის საბაბსაც კი არ დატოვებს, რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციაზე, ამის ნიშნებზე და ა.შ. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიმოქმედოთ არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე, თუმცა ხდება ბუნებრივია მისი განახლება, მინიმუმ 17-დან 10 წევრი იქნება ახალი დანიშნული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.