31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან. გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით არჩევნების შედეგებს გადაითვლიან.
თუმცა, კონკრეტულად რომელი საარჩევნო უბნების გადათვლა მოხდება და რა რაოდენობით, ჯერჯერობით, ეს საკითხი შეთანხმებული არ არის. როგორც საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში შემავალმა დეპუტატებმა განაცხადეს, ამის შესახებ მომდევნო სხდომებზე იმსჯელებენ.
"მოვითხოვეთ, რომ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლით პროცესს, მაშინ, როდესაც ჩვენ შევთანხმდებით რომელი უბნების გადათვლა ხდება და რა პრინციპით განვახორციელებთ ამ გადათვლას,“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
საკუთარი წინადადება დააყენა პარლამენტის წევრმა, პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ, რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრია, მისი ინიციატივაა, საარჩევნო უბნების შერჩევა ლოტოტრონით მოხდეს.
"ავიღოთ ყველა რეგიონში და როგორც ლოტოს თამაშობენ, ჩავყაროთ იქ ყველა უბნების ნომრები,“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.