17 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთი ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრირებაში არასდროს შესულა - გიორგი ვაშაძე

ამ წუთებში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა იწყება. მსჯელობა ამჯერად საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე უნდა იყოს, მათ შორისაა ელექტრონული რეგისტრაცია.

დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მათ დოკუმენტის შესახებ რეკომენდაციები უნდა გასცენ. პოლიტიკოსები ასევე დღეს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებსაც მოისმენენ.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ყუთთან მისულ ამომრჩეველს სავარაუდოდ უკვე განსხვავებულ პირობებში მოუწევს ხმის მიცემა და აღნიშნულ შეხვედრაზე პოლიტიკოსები და კანონმდებლები სწორედ ბოლო დეტალს ადგენენ, თუ როგორი იქნება საარჩევნო რეფორმა.

პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია. დარჩენილია გარკვეული დეტალები.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სრული პასუხისმგებლობით  ვაცხადებ, ასეთი ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრირებაში არასდროს არ შესულა. ეს არის ამომრჩევლის იდენტიფიცირება. რომ მიდის ამომრჩეველი, აღარ მოგვატყუონ ნამდვილად არის თუ არა ეს ამომრჩეველი იმ უბანზე, ან სხვა არ შეიპაროს, ან კარუსელში არ მიიღოს მონაწილეობა.

მეორე, ეს არის ხმის მიცემის და დათვლის პროცესი, სადაც უნდა გამოვრიცხოთ ბიულეტენების ჩაყრა, უნდა გამოვრიცხოთ ყალბი ბიულეტენების გამოყენება, კარუსელი და დათვლის დროს მანიპულაციები, რაც იყო განსაკუთრებული პრობლემა.

ყველაფერ ამაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც არის მთელ მსოფლიოში, ის იქნება გამოყენებული და მე ეს მაძლევს იმედს ვთქვა, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი დიდი ნაბიჯი იმისთვის, რომ ადამიანს ნდობა გაუჩნდეს არჩევნებთან დაკავშირებით, რომ მის ხმას არავინ არ იპარავს, ხოლო უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჩემი აზრით 2022 წელს აუცილებლად ჩატარდება, ეს იქნება საბოლოო გაფორმება ამ ტექნოლოგიური ცვლილებების," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები