საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მმართველი პარტიის და "ევროპელი სოციალისტების" წევრებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს განცხადებები და თქვეს, რომ ოპოზიცია ამ დრომდე უარს აცხადებს საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე. მათ დღეს აღნიშნეს, რომ სურვილის შემთხვევაში ოპონენტებს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარს აცხადებენ.
პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ის თავიდანვე ყალბ მოტივებზეა შექმნილი.
"პრეცედენტი არ არსებობს, როდესაც არჩევნების გაყალბებაში ეჭვმიტანილი პოლიტიკური ძალა თავის თავს იძიებს. ამიტომ, დარჩნენ მარტო თავის თავთან და იძიონ საკუთარი დანაშაული. არანაირი სანდოობა ამ კომისიას არ აქვს. თავიდანვე კომისია შექმნილია ყალბი, ფარსი მოტივებით და ახლა ოპოზიციის შესვლა და ამ კომისიის მუშაობაში ჩართვა იქნება ფარსის ლეგიტიმაცია,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია კი კომისიას უშინაარსოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
"მივაღწიეთ შეთანხმებას ბატონი შარლ მიშელის დახმარებით და ვფიქრობ, ნებისმიერი ქექვა ამ საქმის, ნებისმიერი კომისიის შექმნა და ა.შ. უბრალოდ ამ ხელშეკრულების სულისკვეთების წინააღმდეგ არის მიმართული. ერთი წუთიც არ ყოფილა ისეთი, როდესაც ამ კომისიას შინაარსი ჰქონდა,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან. გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით არჩევნების შედეგებს გადაითვლიან.