მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა ოპოზიციისთვის იქნებოდა შესაძლებლობა, რომ მუშაობის ფარგლებში წარმოედგინათ არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის უარი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის შესახებ ამტკიცებს, რომ ოპონენტები საკუთარი ბრალდებების სიმცდარეში დარწმუნდნენ.
"ჩართულობა არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის არჩევნების შედეგების გადამოწმების კიდევ ერთი ბერკეტი, თან ძალიან ქმედითი ბერკეტი. ამ ბერკეტს რომ არიდებს თავს ოპოზიცია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი თავადაც დარწმუნდნენ საკუთარი ბრალდებების სიმცდარეში. ისინი მუდმივად ამტკიცებდნენ იმას, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თუმცა თანდათანობით, თავადვე დარწმუნდნენ იმაში, რომ იქ იყო პოლიტიკური პარტიები, რომელსაც გულწრფელად სჯეროდათ ამის. ყველა დარწმუნდა, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდება რომ აბსურდული იყო, ეს მათი მხრიდან საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვისგან უარის თქმა ადასტურებს - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
"დღეს, როდესაც ეს ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება იყო სრულიად უსაფუძვლო და შექმნილი იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარათ გარკვეულ დესტრუქციულ ძალებს და რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებისთვის და ჩვენი დემოკრატიისთვის. ეს არის დასრულებული, აქ დაისვა წერტილი. ოპოზიცია რომ უარს ამბობს ჩაერთოს იმ ბრალდების შეფასებასა და გამოძიებაში, რომელიც მათ ჰქონდათ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება იყო აბსურდული,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.