საქართველოს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, თბილისში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის ვიზიტია მოსალოდნელი. ამის შესახებ დავიდ სასოლისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას შეხვედრისას გაირკვა, რომელიც ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრისას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესზეც იყო საუბარი.
"ის ძალიან კარგად ხედავს საქართველოს როლს ევროპულ დიდ ოჯახში, აქვს სურვილი გვიხილოს კიდევ უფრო წარმატებულები და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზაზე, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ 2024 წლამდე განაცხადის შეტანისთვის მზადყოფნის კუთხით, ის მზად არის ნებისმიერი სახის დახმარება გაგვიწიოს. ევროპარლამენტარებთან ერთად დეტალურად გავიარეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს და მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლოთ,"- განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში 20 მაისს დასრულდება.