საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი უკვე მზად არის - დოკუმენტი ითარგმნება და მალე ვენეციის კომისიას გაეგზავნება. უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ დასკვნას საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის მეორე მოსმენამდე მიიღებს და შესაძლებელი იქნება მის დამტკიცებამდე რეკომენდაციების გათვალისწინება.
"ქართულ ოცნებაში" ამ მიმართულებით მიღწეული შედეგით კმაყოფილი არიან და თვლიან, რომ საკითხის განხილვის პროცესმა უპრეცენდენტოდ კარგად ჩაიარა.
"ის ტექსტი, რაზეც შევთანხმდით, ფაქტობრივად შინაარსობრივი შენიშვნები აღარ არსებობს, ამიტომ, ჩვენ ამ ტექსტს ახლა ვთარგმნით ინგლისურად და გავაგზავნით ვენეციის კომისიაში და ოდირში განმეორებითი დასკვნისთვის, რომელიც იმედი გვაქვს, რომ მეორედ მოსმენამდე აუცილებლად ჩამოვა. მეორე საკითხს რაც შეეხება, ეს არის ტექნოლოგიები, თავად საარჩევნო პროცედურებს, აქ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი განხილვა, განვიხილეთ დეტალურად, რა იდეები და ვერსიებია და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, შაბათს, ცესკოში შევიკრიბებით ეს ჯგუფი კვლავ და მოვისმენთ, რომელიც გზა ავირჩიოთ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმა კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
"ნამდვილად არის ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას, პარტიების უფრო მეტად ჩართულობას და საბოლოოდ, ყოველგვარი სპეკულაციისთვის წერტილის დასმას. ამიტომ, შარლ მიშელის მეშვეობით წარმართული მოლაპარაკების შედეგად მიღებულ დოკუმენტში რაც წერია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, არა თუ ზედმიწევნით არის გათვალისწინებული, არამედ კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.