17 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მართლმსაჯულების რეფორმის დროულად გატარებას ითხოვს და პარლამენტს მიმართავს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უნდა შესრულდეს შარლ მიშელის შეთანხმებაში გაწერილი პირობა და დროულად უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვალიფიციური და სანდო კადრებით დაკომპლექტება. 

"კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობა და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვალიფიციური და სანდო კადრებით დაკომპლექტება.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმა წარმოადგენს. შეთანხმების პირობების კეთილსინდისიერად შესრულება მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების სტაბილურობისა და არსებული მრავალშრიანი კრიზისის მძიმე ეფექტების შესამცირებლად. ამავდროულად, ხელშეკრულებაში გაწერილ თითოეულ პუნქტზე მუშაობა უნდა წარიმართოს მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით და პოლიტიკური აქტორების ურთიერთპატივისცემით, რაც ასევე არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება.

რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემას, რეფორმის ოთხი ტალღის მიუხედავად, დღემდე სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალია, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ უზრუნველყოფს სისტემის დამოუკიდებლობას და ეფექტიანობას. სასამართლოს მიმართ არსებული დაბალი ნდობა, შერჩევითი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნები კი ასევე, ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას და ვითარების ესკალაციას.

სისტემაში არსებულ არაერთ გამოწვევას შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა - მის მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი წესების შემუშავება და საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ მინიმალიზებული იყოს ამ ინსტიტუტის შიდა და გარე გავლენებისთვის ინსტრუმენტალიზება. საკითხის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის, რომ საბჭოს 15 წევრიდან 9 მათგანი (ოთხი მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრი) ახლიდან უნდა აირჩეს 2021 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. შესაბამისად, კრიტიკულად აუცილებელია, საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები შერჩეულნი იყვნენ სამართლიანი პროცესის შედეგად, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიული ნდობა და ლეგიტიმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველს და საერთაშორისო პარტნიორებს;

განხორციელდეს სასამართლო რეფორმის ტალღების და მათი შედეგების ჯეროვანი შეფასება იმ მიზნით, რათა რეფორმა განხორციელდეს სწორი მიმართულებით და არ განმეორდეს წარსულში დაშვებული შეცდომები. 

უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა/დანიშვნის პროცესების იმგვარად დახვეწა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები კონსესუსზე ორიენტირებული პროცესის საფუძველზე დაინიშნონ. აგრეთვე, საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევისას მინიმალიზებული იყოს პროცესზე შიდა- და გარე სისტემური გავლენები," - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები