საპატრიარქოში დღეს დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გაკეთდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დმანისში მომხდარი დაპირისპირება გარედან იყო ინსპირირებული და იყო მცდელობა ის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდილიყო.
"აზერბაიჯანულ მოსახლეობას, როგორც ჩვენ თანამოქალაქეებს, ვიცნობთ, როგორც საქართველოს მოყვარულ, მეგობრულ, მშრომელ პატიოსან ადამიანებს და ჩვენი დამოკიდებულება მათდამი არის ანალოგიური. იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ იქ ვიხილეთ, ადგილზე რომ ჩავედით, დაველაპარაკეთ ხალხს, სრულიად ცხადი გახდა, რომ ამ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ დროულად აღვკვეთოთ ხოლმე მსგავსი ტენდენციები," - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
განცხადება გაავრცელა დღეს სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარია წერს, რომ სახელმწიფომ უფრო აქტიური პოლიტიკა უნდა აწარმოოს სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით, ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით კი საჭიროა მყისიერი ნაბიჯების გადადგმა როგორც გამოძიების, ისე პრევენციის მიმართულებით.
"2021 წლის 18 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლები დმანისში ჩავიდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და კონფლიქტის თაობაზე ესაუბრნენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონფლიქტი სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და 2 დღიან უმართავ ჯგუფურ ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოვლენების მსგავსმა განვითარებამ დმანისის მრავალეთნიკურ მოსახლეობას შორის დაპირისპირების საფრთხე გააჩინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის მიზეზების სწორ შეფასებასა და გააზრებას, ასევე, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით.
სახალხო დამცველის შეფასებით, ინციდენტის მიმდინარეობისას მთელი რიგი შემთხვევების დროს სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტიანი. კონფლიქტში მონაწილე პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს პოლიციის თანდასწრებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის და აპარატურის დაზიანების ფაქტები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი შემთხვევა არ დარჩეს ეფექტიანი გამოძიების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია დადგეს ჟურნალისტებზე თავდასხმის მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა. სახალხო დამცველი შეისწავლის გამოძიების მიმდინარეობას.
ამასთან, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან დმანისის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის წარმოშობილ, სავარაუდოდ კრიმინალური ხასიათის დაპირისპირებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის ხსენებას და მასთან რაიმე ტიპის კავშირის წარმოჩენას,
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შესაძლო სამართალდარღვევებზე მართლმსაჯულების აღსრულების, მომხდარის სამართლებრივი შეფასების და ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით. ასევე, მიმდინარე მოვლენებმა ცალსახად გამოკვეთა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა სამომავლოდ, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, გააზრებას და გაძლიერებას საჭიროებს,"- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.