"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი და ახლა "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი ფრიდონ ინჯია ირაკლი კობახიძის დავალებებს ასრულებს.
ინაშვილის თქმით, ინჯია, რომელიც არჩევნებამდე მას სმს-ებს უგზავნიდა დარღვევების შესახებ, ახლა როცა პარლამენტში შევიდა პირდაპირ თუ ირიბად საუბრობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
ინაშვილის განცხადებით, ის ამ სმს-ებს არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას გადაუგზავნის.
"პარლამენტში რომ აღმოჩნდა ბატონი ფრიდონ ინჯია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბარიერი მან გადალახა. ბარიერი გადალახა ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე "პატრიოტთა ალიანსმა". ჩვენი დამსახურების გამოა რომ ბატონი ფრიდონი დღეს ბრძანდება და ძალიან სამწუხაროა, რომ შევიდა თუ არა, მაშინვე დაიწყო კობახიძის დავალებების აღსრულება. სრულ მორჩილებაში აღმოჩნდა ბატონ კობახიძესთან. პირდაპირ თუ ირიბად ბატონი ფრიდონი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს არ გაყალბებულა არჩევნები.
მე დეტალურ ინფორმაციას ვფლობ ყველაფერზე. არავის არ ეგონოს, რომ არ ვიცი რა ხდებოდა, ან არჩევნებამდე, ან არჩევნების პერიოდში. არჩევნების გაყალბების შესახებ ბატონი ფრიდონი იმდენად ბრაზობდა და ისე იყო აღშფოთებული, რომ ჩვენ მუდმივად გვაწვდიდა ინფორმაციებს და ახლა რა სმს-ებს გვიგზავნიდა გადავუგზავნი საგამოძიებო კომისიას, რომელიც მუშაობს. ეს კომისია ჯერ ერთი ბლეფია და აბსოლუტურად ჰაერია. ბევრი სმს-ია ასეთი," - განაცხადა ირმა ინაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.