17 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
არის თუ არა საქართველო იმ ვალდებულებების ერთგული, რომლებიც დასავლეთის წინაშე აიღო - ევროპარლამენტის დეპუტატები დოკუმენტის აღსრულების პროცესს აკვირდებიან

საქართველო ევროპარლამენტის დღის წესრიგში კვლავ რჩება. ევროპელი დეპუტატები დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს, თუ როგორ ხდება შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულება.

ისინი კარგად ინფორმირებული არიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა დისკუსიები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ახლა საქართველოს კიდევ ერთი შანსი აქვს დაამტკიცოს, დასავლელი პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგულია:

"ევროპა ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება შეთანხმების შესრულებას. არის პოზიტიური ნიშნები. საკმაოდ კარგი დასაწყისი აქვს საარჩევნო რეფორმას. ცხადია, საჭიროა სხვა ნაბიჯებიც, როგორიცაა პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება. რასაც შეთანხმება სჭირდება როგორც უმრავლესობასა და ოპოზიციას, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შორის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმა. ვიცი, რომ ხედვებში მნიშვნელოვანი განსხვავებებია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია," - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან სვენ მიქსერი.

"ვადები ძალიან მკაცრადაა გაწერილი. ვიმედოვნებ, არანაირი გაჭიანურება არ იქნება. საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმები ძალიან სენსიტიური თემებია. ჩვენი ყურადღება ამ პროცესს არ მოაკლდება. ძალიან ბევრი რამის ინვესტირება მოვახდინეთ ამაში: ჩვენი შრომის, იმედების, მოლოდინების. ასე რომ, ვერ მივატოვებთ. ეს საკითხი ყოველთვის იქნება ჩვენს დღის წესრიგში. საქართველოს ახლა აქვს ძალიან კარგი შანსი, ამ რეფორმების იმპლემენტაციით გამოხატოს ევროპული მისწრაფება. არ დაკარგოთ ეს შანსი," - აღნიშნავს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან პეტრას აუსტრევიჩუსი.

ევროდეპუტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოპოზიციას, პარლამენტში შევიდნენ, ეს მათი მთავარი გზავნილია.

"ღრმა პოლიტიკური კრიზისი თითქმის აღმოფხვრილია. ვფიქრობ, ამაში ყველა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. მოვუწოდებ ყველა პარტიას, შევიდნენ პარლამენტში. ეს ერთადერთი გზაა. მინდა წავახალისო საქართველოს პარლამენტი, რომ სცადოს დღის წესრიგში შეიტანოს ისეთი საკითხები, რაზეც ევროპარლამენტი მუშაობს. ამისთვის საჭიროა, პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა პარლამენტში იმუშაოს. თუ პარტიულ პოზიციას შეინარჩუნებთ, ეს არ იქნება კარგი ქვეყნისთვის. იფიქრეთ ქვეყანაზე და ეცადეთ, თქვენი პოზიცია გამოხატოთ პარლამენტში, სადაც შეგიძლიათ იმოქმედოთ თავისუფლად,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ესპანეთიდან ნაჩო სანჩეს ამორი.

"არჩვენების შემდეგ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტს ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია. მხოლოდ ძლიერი ოპოზიციითაა შესაძლებელი რეფორმის გატარება. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია პარლამეტში შესვლა, რომ გააკეთონ ეს. თქვენ გაქვთ ქართველი ხალხის მანდატი, თქვენ უნდა მოემსახუროთ ქართველ ხალხს და ეს პარლამენტიდან უნდა გააკეთოთ. რაც შეიძლება მალე, თუ გინდათ დემოკრატიული პარლამენტი,"- აღნიშნავს ევროპარლამენტის დეპუტატი ესტონეთიდან მარინა კალიურანდი.

ამასთან, ევროდეპუტატები ამბობენ, რომ თუკი თვითმმართველობის არჩევნების დროს სათანადო ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება, ისინი თბილისში ჩამოვლენ.

დღის ამბები