საქართველოში პოლიტიკურ კულტურას ვცვლით - ამ სათაურით გამოცემა "ევროაქტივი" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
კახა კუჭავა ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზა აირჩია და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას აპირებს და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერების იმედი აქვს.
"ეს ჩემი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც პარლამენტში ამირჩიეს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლთან და ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ასევე გვაქვს შეხვედრები ევროკავშირის კომისიის წევრებთან.
გზა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ავირჩიეთ მოითხოვს დიდ შრომასა და მეტ რეფორმას, აქედან გამომდინარე საქართველო მზად იქნება 2024 წელს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ქვეყანაში ევროპული პრაქტიკებისა და ინსტიტუციონალიზმის მეშვეობით შევძლებთ დავამყაროთ არამხოლოდ ქართული, არამედ ევროპული წესრიგიც. 2024 წლისთვის გატარებული გვექნება ყველა ის რეფორმა, რაც საჭიროა ევროპული ყაიდის დასამყარებლად.
ევროპული პარლამენტის წევრებთან საუბარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. ხოლო იმ კრიზისს რომელიც თქვენ მოიხსენიეთ, ჩვენ მას ვეძახით ხელოვნურ კრიზისს, ვინაიდან არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ არჩევნები გაყალბდა, როგორც ქართული ოპოზიციური პარტიები იუწყებიან. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების აზრს, OSCE-ODIHR-ს საბოლოო დასკვნით კი ქვეყანაში არჩევნები თავისუფალ რეჟიმში, ღირსეულად და სამართლიანად ჩატარდა. ის ხელოვნური კრიზისი, რომელიც არჩევნების გაყალბების იდეაზე შეიქმნა, უკვე აღარ არსებობს.
საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა შექმნას ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა, რისთვისაც საჭიროა კონსესუსის მიღწევა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ასე რომ, ჩარლზ მიშელის ჩართულობა და შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის უმეტესობამ - გარდა ორი მათგანისა, ვინც უარი თქვა ხელის მოწერაზე - უნდა გახდეს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად წავიდეს წინ," - განაცხადა კახა კუჭავამ ინტერვიუში.