საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პრეზენტაციაში - "საქართველო - ღვინის აკვანი", რომელიც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში - მადრიდის IE უნივერსიტეტში გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, ბიზნესის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ქართული ღვინის ისტორიაზე ისაუბრეს. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის წარმატების ისტორიით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ბიზნესსკოლის დაინტერესების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდას და მის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
"მივესალმებით, რომ მადრიდის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ბიზნესსკოლა, სადაც ქართველებიც სწავლობენ, დაინტერესდა ქართული ღვინის წარმატების ისტორიით და შექმნა case study ქართულ ღვინოზე. ეს იქნება პირველი წარმატებული მაგალითი, რომელიც მსოფლიოში ბიზნესის სკოლებში ისწავლება. ეს ხელს შეგვიწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციაში, რამდენადაც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან ბიზნეს განათლებით დაინტერესებული, გაიცნობენ ამ მაგალითს და ეს ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ისაუბრა იმ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ, რომლის გადადგმა ღვინის ინდუსტრიაში უახლოეს მომავალში იგეგმება. მისი განმარტებით, გარდა იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ღვინის წარმოების განსაკუთრებული მეთოდები გააჩნია, საჭიროა მეტი კომერციალიზაცია და გრძელვადიან გეგმაში აქცენტი სწორედ ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზე გაკეთდება.
ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო ტურიზმის გამოფენის შესახებ, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. მინისტრმა ტურიზმის ინდუსტრიაში გამოკვეთილ ახალ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.
"საქართველოსთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტურისტული ნაკადები მთელს მსოფლიოში და დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ტურისტული ინდუსტრია, მაგრამ დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია აქტივობა და მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას. თუმცა, ახალი ტენდენციები, რომელსაც ვხედავთ, არის ის, რომ უფრო მეტია ინტერესი ეკოტურიზმის მიმართ და აგრო თუ ღვინის ტურიზმის მიმართულებითაც, რაშიც საქართველოს განსაკუთრებული უპირატესობები გააჩნია," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პრეზენტაციას "საქართველო - ღვინის აკვანი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ.