ამ წუთებში, პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იწყება. კომისიის წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და არჩევნებზე მონიტორინგის განმახორციელებელი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს პარლამენტში შესული ოპოზიცია. ისინი ამბობენ, რომ ეს არის "წყლის ნაყვა". მაგალითად სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არჩევნებიდან 6 თვის თავზე არანაირი აზრი აქვს რამის გამოძიებას.
საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, არც პარტია "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" აპირებს.
"ყველაფერს თავისი დრო აქვს, ახლა მე შევიდე მათ მიერ წამოწყებულ საგამოძიებო კომისიაში არ ვაპირებ. იმედი მაქვს დადგება დრო და პარლამენტში 50 ოპოზიციონერი ვიქნებით. ჩვენ უკვე ახალი საგამოძიებო კომისიის ინიცირებას მოვახდენთ და ჩვენვე გამოვიძიებთ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.