რელიგიური კონფესიების 40-დე წარმომადგენელი იმუნიზაციის პროცესში ჩაერთო, მათ შორის იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეც.
"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართა საქართველოში არსებულ ყველა რელიგიის წარმომადგენლებთან. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელს, იმ აქტიურობისთვის და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რაც მათ გამოიჩინეს საჯაროდ.
ეს სტიმული იქნება საზოგადოებაში, მრევლში, რათა გაიზარდოს ნდობა აცრისადმი, შესაბამისად, გაიზარდოს აცრის ტემპი და მოხდეს ამ ეპიდემიის დამარცხება. დღეს დაახლოებით 40 ადამიანი აიცრა", - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.
კათოლიკე ეკლესიის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი AstraZeneca-ი ვაქცინით აიცრა.
"ჩემი პირადი არჩევანია AstraZeneca. ვაქცინაცია საჭიროა იმიტომ, რომ იმუნიზაციით ვუფრთხილდებით მეორე ადამიანს და საკუთარ თავსაც,"- ამბობს კათოლიკე ეკლესიის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილი.
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელი საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.
"მინდა ჩემი აცრით ხაზი გავუსვა, რომ აპოკალიპტური დატვირთვა იმუნიზაციას არ აქვს და კარგი იქნება, თუ არ ვიფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე და ვიფიქრებთ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ გარშემოა,"- ამბობს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელი გურამ იმერლიშვილი.
დღეს ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე მიქაბაძემ და გენადი არველაძემ. აცრის ჩატარების ადგილად მათ რეგიონული კლინიკები - ქარელის და ბოლნისის სამედიცინო ცენტრებს მიმართეს.
ეკატერინე მიქაბაძემ Sinopharm-ის ვაქცინა "გორმედის" ქსელის ქარელის კლინიკაში, ხოლო გენადი არველაძემ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გაიკეთა.
ამ დროისთვის საქართველოში სულ 101 415 მოქალაქეა აცრილი.