პარლამენტში დღეს კიდევ ერთი ახალი ინიციატივა დარეგისტრირდა, რომელიც ახალი კანონის ძველით შეცვლას გულისხმობს. პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე იმ ნორმების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც წლებს განმავლობაში მოქმდებდა და უფრო ნაკლებ სასჯელს და ჯარიმას ითვალისწინებდა.
ოპოზიციური პარტიის ინიციატივას მხარს უჭერენ "მოქალაქეები" და "ლელოც". მათგან განსხვავებით, პროცესში ჩართვას არ ჩქარობენ "გირჩებში".
დაბრუნდება თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ძველი რედაქცია, ეს საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე უნდა გადაწყდეს. მმართველი პარტიისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ ოპონენტები კოდექსის ცვლილებას ახლა, როცა მისი მიღების დროს საპარლამენტო განხილვებში ოპოზიციის უმრავლესობამ მონაწილება არ მიიღო,
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას პარლამენტმა 75-ხმით დაუჭირა მხარი. ახალი რედაქციით ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. დაკავების დროს პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს უნდა წარედგინოს. შეიცვალა ჯარიმების ოდენობაც. თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას ეს ქმედება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.
კანონზე პრეზიდენტს ვეტოს დადება მაშინვე სთხოვა ოპოზიციამ, თუმცა პოლიტიკურ ძალებთან 2 დღიანი კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში უცვლელად დატოვა და ვეტოს უფლება არ გამოიყენა.