უკვე ერთი საათია ფრაქცია "ლელო" არასამთავრობო სექტორს ხვდება. განხილვის საგანი მართლმსაჯულების რეფორმაა, რომელიც ასევე შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.
რეფორმაზე მუშაობის დაწყებამდე, სასამართლო სისტემაში არის ცვლილებები, რაც ოპოზიციისთვის და მესამე სექტორისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს.
მაგალითად, რამდენიმე დღეში იგეგმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა, რაც მორატორიუმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველი გახდა. "ლელო" სწორედ ამ წინადადებას განიხილავენ ახლა მიმდინარე შეხვედრაზე.
მანამდე კი, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს.
"სრულყოფილი სასამართლო რეფორმა იქნება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება,"- აცხადებს ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ალუდა ღუდუშაურმა ანა ნაცვლიშვილს უპასუხა და ოპოზიციას პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავება ურჩია: "ანა ნაცვლიშვილს ვურჩევ, რომ სანამ სამხედრო ექსპერტობას შეითავსებს, მანამდე სამართლებრივ საფუძვლებში გაერკვეს. ამიტომ, ხელები შორს მართლმსაჯულებისგან და სასამართლოსგან,"- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.
სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, სასწრაფოდ ჩანიშნული კონფერენცია არის მცდელობა, რომ "კლანმა თავისი ინტერესები დაიცვას, სანამ უშუალოდ რეფორმის განხორციელება დაიწყება". სალომე სამადაშვილის თქმითვე, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ თემაზე კონფერენცია არ შედგეს.
მესამე სექტორში კი ამბობენ, რომ ჯერ უნდა მოხდეს განვლილი რეფორმების შეფასება, შემდეგ რეფორმის პაკეტის შემუშავება და ბოლოს ეს უნდა გატარდეს. მათივე თქმით, თუ მანამდე იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა მოხდება, ფუნდამენტურ რეფორმას აზრი აღარ ექნება.