ოპოზიციური პარტიები, ვინც პარლამენტში არ არიან, კოლეგებს აკრიტიკებენ. პარლამენტს მიღმა მყოფი ხელისუფლების ოპონენტები ამ წუთებში შეხვედრას მართავენ.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ ვერსიაში, რომელიც ვენეციის კომისიას გაეგზავნა, არ არის გათვალისწინებული ოპოზიციის არც ერთი მთავარი მოთხოვნა, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გათავისუფლება.
"გაყალბების არანაირი პრევენციის მექანიზმები იმ პროექტში, რომელიც ვენეციის კომისიაშია წარდგენილი, არ არის. პრაქტიკულად იგივე სისტემა ნარჩუნდება, მათ შორის ცესკოს არსებული შემადგენლობა, რომელმაც ერთხელ უკვე გააყალბა არჩევნები, ამიტომ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს წინადადებებს, გავუგზავნით ვენეციის კომისიას და დავდებთ ჩვენს ალტერნატიულ პროექტს, იმიტომ რომ ეს პროექტი არ ასახავს იმ რეალობას, რომელსაც საარჩევნო რეფორმა ჰქვია," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
"არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არჩევნების დროს გამოწვევა იყო, გადაწყვეტილი არ არის. ხელისუფლებას მოვუწოდებთ რომ ეს საარჩევნო პროცესი იყოს მრავალპარტიული და არამხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები მონაწილეობდნენ. ან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვუთხრათ შარლ მიშელსაც და ყველა პარტნიორს, რომ ეს არის ერთპარტიული კოდექსი და ოპოზიციას მის შეჯერებაში მონაწილეობა არ მიუღია," - განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ
კახა კუჭავამ.