საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით გრძელდება. არასაპარლამენტო ოპოზიციამ დღეს ერთი შეხვედრა უკვე გამართა. მონაწილეებმა ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ვერსიის გამო მწვავედ გააკრიტიკეს, როგორც სახელისუფლებო გუნდი, ასევე პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიები. ახლა ისინი პრინციპულ შენიშვნებს კოლეგებს პირისპირ გააცნობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას აქვს საკუთარი მოთხოვნები, რომელიც დაახლოებით 12 პუნქტს მოიცავს და თავად მისი პარტიაც მხარს უჭერს ამ ცვლილებებს. მათ შორისაა მაჟორიტარულ ოლქებში 50+1 სისტემის შენარჩუნება, კვალიფიციური პარტიის სტატუსის საკითხი და ა.შ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ახორციელებს მავნე პრაქტიკას როდესაც მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციას ესაუბრება და დანარჩენების იგნორირებას ახდენს. ბურჯანაძე პოლიტიკურ ნებაზე საუბრობს და საპარლამენტო ოპოზიციასაც მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ დანარჩენი ოპოზიციის მოთხოვნები.
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ამ ცვლილებების განხორციელების 2 გზაზე საუბრობს ერთი არის ის რომ ცვლილებების ინიცირებაში მათ საპარლამენტო ოპოზიციის რომელიმე წევრი დაეხმაროს, მეორე გზა კი არის, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან შეხვედრა დააორგანიზოს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ისინი მოთხოვნების უმრავლესობას იზიარებენ და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერესების ლობირებას ახდენენ, თუმცა მმართველი პარტია რამდენიმე საკითხს პრინციპულად არ ეთანხმება, მათ შორისაა ბლოკების საკითხიც.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საარჩევნო რეფორმა რომლის განხორციელებაც იგეგმება სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს და ევროკავშირის სტანდარტებს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კანონის განხილვის სივრცე სამართლებრივი და ფიზიკური არის პარლამენტი და მმართველი პარტია უკრაინაში ვერ ივლის საკონსულტაციოდ.
გურამ მაჭარაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტილების მისაღებად პასუხს უკრაინიდან, მიხეილ სააკაშვილისგან ელოდება. ამის პარალელურად კი მმართველი პარტია ოპოზიციასთან ერთად აქტიურ მუშაობს საარჩევნო ცვლილებებზე, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს შეესაბამება.