ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ორი ქართველი კურსანტის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრებას ოფიციალურ FB გვერდზე ეხმაურება.
როგორც საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოს ორი მოქალაქის მიერ ამერიკული აკადემიის დამთავრება წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს.
"არაფერი წარმოაჩენს აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მტკიცე კავშირს ისე, როგორც სანდრო სტაჟაძისა და ნიკოლოზ ტვილდიანის მიერ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დამთავრება.
კურსდამთავრებულებს საქართველოს სანაპირო დაცვაში წარმატებით მსახურებას ვუსურვებთ. ისინი გაზრდიან საქართველოს სანაპირო სივრცის შესახებ ინფორმირებულობის დონეს, მის თავდაცვისუნარიანობასა და სიმტკიცეს. ასევე, წვლილს შეიტანენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და წარმატებაში. გილოცავთ!" - წერია საელჩოს მიმართვაში.