ამ წუთებში, პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა იწყება. განხილვა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმდინარეობს. სხდომას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში მათი შენიშვნები, გარკვეულწილად, ასახულია.
"ჩვენი შენიშვნების გარკვეული ნაწილი თავდაპირველ ვერსიაშივე იყო ასახული, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო უფრო მეტად არაპრინციპული საკითხები და პროცედურებს უკავშირდებოდა, ხოლო მეტად პრინციპული და ფუნდამენტურ რეფორმაზე ორიენტირებული ცვლილებები თავდაპირველ ვერსიაში არ იყო.
განახლებულ ვერსიაში, ჩვენ, გარკვეულწილად, ვნახეთ ეს ყველაფერი ასახული. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან, ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, აქ გვექნება კითხვები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტად წინ წასული დოკუმენტია და უკეთესობისკენაა შეცვლილი პირველ ვერსიასთან შედარებით,"- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მსჯელობის პარალელურად პოლიტიკური მხარეები ელოდებიან ვენეციის კომისიის დასკვნას. პროექტი კანონად საერთაშორისო ექსპერტების შეფასებების მიღებამდე, არ იქცევა.