19 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
გაშლილი კარვები "ბორჯომისა" და "ნაბეღლავის" წარმოების მაგივრად - ქარხნების გაფიცული თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ

"ბორჯომის" ჩამოსასხმელ ქარხანასთან კარვების გაშლა თანამშრომლებმა დღეს დილიდან დაიწყეს. კომპანიაში დასაქმებულები უკვე მეოთხე დღეა ხელმძღვანელობისგან რეაგირებას ელოდებიან. აქციების შეწყვეტას კი მანამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

გაიზარდოს ხელფასები და დარეგულირდეს სამუშაო და დასვენების დღეები - პირობების გაუმჯობესებას ამ ეტაპზე 350-მდე პირი ითხოვს.

გაფიცული დასაქმებულების მოთხოვნებს სამართლიანს უწოდებენ გაერთიანებულ პროფკავშირებში, რომლებიც დღეს თავადაც შეუერთდნენ მათ. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, პროტესტი საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება და ამ ვადებში კომპანიის წარმომადგენლებს თანამშრომლებთან შეთანხმებისთვის უკვე უნდა მიეღწიათ.

პროფკავშირების წარმომადგენლების პროცესებში მონაწილეობას უკავშირებს კომპანია შექმნილ კრიზისს და საწარმოში წარმოების შეჩერებას. ბრალდებების საპასუხოდ IDS ბორჯომმა დღის ბოლოს წერილობითი განცხადება გაავრცელა.​

ბორჯომი ერთადერთი მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია არ არის, რომელსაც თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. დაბალ ანაზღაურებას და გაუსაძლის სამუშაო გარემოს აპროტესტებენ ამ დრომდე "ნაბეღლავის" თანამშრომლებიც. თბილისის პარალელურად გაიფიცნენ ჩოხატაურშიც. მძღოლებს და მომმარაგებლებს, 100-მდე სხვა პოზიციებზე დასაქმებულებიც შეუერთდნენ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა კომპანია "ნაბეღლავის" წარმომადგენელმა. მან დასაქმებულებს დიალოგი, პროფკავშირების გარეშე შესთავაზა, თუმცა გაფიცულებისგან უარი მიიღო.

თბილისი, ქუთაისი და ჩოხატაური - ერთდროულად სამ ლოკაციაზე პროტესტი ამ დრომდე გრძელდება. მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიის გაფიცული თანამშრომლები დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები, მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება.

დღის ამბები