17 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
ცესკოს დაკომპლექტება, ხმის მიცემის პროცედურა და საჩივრების ვადები - საარჩევო რეფორმაზე მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში გადადის

პარლამენტში უკვე აიღო სტარტი საარჩევო რეფორმის განხილვამ, რომლის დიდ ნაწილზე სრული კონსესუია. რეფორმის იმ ნაწილზე, რომელზეც პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში უნდა გაგრძელდეს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ დოკუმენტი სრულყოფილი არცერთი მხარისთვის არ არის, თუმცა მმართველ გუნდშიც და ოპოზიციაშიც ამბობენ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შეძლეს და მეტნაკლებად შეჯერებული ვერსია მოამზადეს.

საარჩევნო რეფორმა გამონაკლისია რადგან მას პარლამენტის ამ შემადგენლობის სრული მხარდაჭერა აქვს. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეები, საარჩევნო ადმინისტრაციის 3-ვე დონზე დაკომპლექტების წესი, შემთხვევითი შერჩევის გზით ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 10%-ის გადათვლა და ტექნოლოგიური სიახლეები, რომელმაც არჩევნების შედეგებზე მანიპულაციის შესაძლებლობა უნდა აღმოფხვრას, ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში უკვე შეთანხმებულია.

თანხმობის მიუხედავად საარჩევნო კოდექსში რჩება საკითხები, რაც ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია. დამატებების შეტანა საკომიტეტო განხილვებმა უნდა უზრუნველყოს. ეს კი პროექტის მეორე მოსმენის დროს არის შესაძლებელი. ოპოზიციის მსგავსად მმართველ პარტიაშიც ფიქრობენ, რომ ცვლილებები არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობის ერთი ეტაპი დასრულებულია, დოკუმენტი შესასწავლად ვენეციის კომისიაშიც გაიგზავნა, თუმცა არ არის გამორიცხული სპეციალისტებს საქართველოდან კიდევ ერთი დოკუმენტის შესწავლა მოუწიოთ. დაახლოებით 12 ალტერნატიული წინადადება აქვს მომზადებული პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც დღეს ცალკე შეიკრიბა.

ევროპის გარდა საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში პარტიებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც ეხმარებიან. ამერიკის რესპუბლიკურ ინსტიტუტი ამზადებს წინადადებებს, რომელსაც ხვალ სავარაუდოდ იურიდიულ კომიტეტს წარუდგენს. 

დღის ამბები