17 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - კანონპროექტი დღეს იურიდიულ კომიტეტზე განიხილება

შეთანხმებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში დღეს იურიდიულ კომიტეტზე განიხილება. ამით საკომიტეტო მოსმენები დასრულდება, რის მერეც, სავარაუდოდ მომდევნო კვირას, კანონპროექტი უკვე სესიაზე გავა.

კანონპროექტის თანახმად, ცესკო-ს 11 წევრის ნაცვლად, არაუმეტეს 17 წევრი ეყოლება. ცესკოს წევრთა რაოდენობაში არიან ცესკოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს 7 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრისა ინიშნება პარტიების მიერ.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ცესკოს შემთხვევაში, თავმჯდომარის ის მოადგილე, რომელიც არჩეულია უმრავლესობის გარეთ მყოფი პარტიების მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ის მოადგილე, რომელიც არჩეულია საქართველოს პარლამენტის მიერ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ კანონპროექტში არის ის პრევენციული ზომები, რომლიც ხელისუფლებას არჩევნების მიტაცებაში შეუშლის ხელს. ამასთან მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმისთვის მნიშვნელოვანია ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გადადგომა.

ცესკოს პროფესიული ნიშნით შესარჩევ წევრებთან დაკავშირებით მეტ კონკრეტიკას ითხოვს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმა რომელიც უნდა განხორციელდეს გაცილებით ყოვლისმომცველია, ვიდრე 19 აპრილის შეთანხმება. განსაკუთრებული ცვლილება შეეხო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას.

დღის ამბები