17 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
7 ნოემბრის და 26 მაისის ამნისტირება 20 ივნისთან ერთად - ვისთვის არის მისაღები "გირჩის" ინიციატივა

პარტია "გირჩი" ორშაბათს პარლამენტში ახალ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რომლის თანახმადაც, 20 ივნისთან ერთად, უნდა მოხდეს 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენების ამნისტირება. "გირჩი" თვლის, რომ ეს უნდა გახდეს შერიგებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. 

"ეს ორი თარიღი სულ არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და ჩვენ გვინდა, რომ დავასრულოთ რითაც შესაძლებელია. ჩვენ ერთმანეთს ვადარებთ სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტებას,  ფორმით სხვადასხვა მაგრამ შინაარსობრივად ერთი და იგივეა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვისთვის არის მისაღები "გირჩის" ინიციატივა და ვისთვის არა. პოლიტიკური სპექტრის ნაწილს ინიციატივა მოწონს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ 7 ნოემბრის, 26 მაისის 20 ივნისის მოვლენების შედარება და მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმა მიუღებელია.

ამ მოვლენების ამნისტიის კანონპროექტში მოქცევა შესაძლებლად მიაჩნია, პარლამენტის დეპუტატ სალომე სამადაშვილს.

"პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას მსგავსი დიალოგი და შესაძლო გადაწყვეტილებები ძალიან მიეხმარება" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წარსულში ქექვის დასრულების მოწოდებით გამოდის "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ეს იდეა კონკრეტულად "გირჩისაა" და ოპოზიციას ის დეტალურად არ განუხილავს. რაც შეეხება ოპოზიციურ დღის წესრიგს, გეგელია ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე შარლ მიშელის დოკუმენტის სრულფასოვანი და ადეკვატური შესრულებაა,

20 ივნისის მოვლენების ამნისტირების კონტექსტში 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენების მოხსენიება კატეგორიულად მიუღებელია უმრავლესობის წევრებისთვის:

"კატეგორიულად ვერ დავეთანხმები და ამოვარდნა აქვთ სერიოზული. ეტყობა რაღაცა არასწორ დროს თქვეს ეს ამბავი. წარმოუდგენელია ვინმემ 20 ივნისი შეადაროს ან 26 მაისს ან 7 ნოემბერს, სადაც პირდაპირი მიზანი იყო ადამიანების დასახიჩრების და მოკვლის, 20 ივნისი იყო მოგერიება," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. ამ 3 მოვლენის ერთ კონტექსტში გაერთიანება მიუღებელია სოზარ სუბარისთვისაც.

 

 

 

 

დღის ამბები