მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, შეწყდეს საბჭოს წევრების არჩევის პროცესი. ლიდერები ამბობენ, რომ ეს შეთანხმების პირობებს არღვევს.
"მედიატორებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ ყველა ხელმომწერ მხარესთან, "ქართული ოცნების" ჩათვლით. მათი პოზიცია ცნობილია, ისინიც მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეჩერება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესის და განისაზღვროს ახალი პროცედურა, რომელსაც მეტი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს უკანონო, არალეგიტიმური არჩევის პროცესი, რომლითაც "კლანს" კიდევ ერთხელ უნდა, რომ გაამყაროს თავისი ძალაუფლება სასამართლოში. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე თუ მოგვიწევს, რა თქმა უნდა, საპროტესტო ღონისძიებითაც," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რომ გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
ცნობისთვის, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას წერილით მიმართეს. მედიატორი ელჩები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებაზე საუბრობენ, ვიდრე შარლ მიშელის სასმართლო რეფორმა არ განხორციელდება. კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს ახსენებენ შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ პირობას, რომლითაც მხარეები იღებენ ვალდებულებას გაატარონ სასამართლო რეფორმა. დიპლომატები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს არის მკაცრი პირობა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის კუთხით.