უკვე რამდენიმე საათია პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მსჯელობს. დღეს დასკვნითი საკომიტეტო მოსმენაა. დოკუმენტი შეთანხმებულია, გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, თუმცა ოპოზიციას შენიშვნები მაინც აქვს. მთავარი პრეტენზიები თამარ ჟვანიას კანდიდატურას და წევრების პროფესიული ნიშნით შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.
შალვა შავგულიძის შეთავაზებაა, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი გავრცელდეს ცესკოს ამჟამინდელ წევრებზეც, რომელთაც ვადა ჯერ არ გასვლიათ, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარეზე.
საარჩევნო დავების საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, რეკომენდაციები, რომელსაც ამ თემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან მიიღებენ, გულდასმით უნდა იქნეს განხილული.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხერხდება და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი კონსესუსების მიღწევა სხვა საკითხებზეც იქნება შესაძლებელი.
"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 14 სარეფორმო პუნქტიდან 7 ახალია, რომელიც არც მოქალაქეებისა და "ქართული ოცნების" მემორანდუმში და არც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში არ ყოფილა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს აჩვენებს, თუ რამდენად ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინარეობს პოლიტიკურ სპექტრში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
თანამშრომლობას დადებითად აფასებენ არასამთავრობო სექტორშიც და საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფს საკუთარ შენიშვნებს და რეკომენდაციებს უზიარებენ.