"გირჩის" ახალ ინიციატივას პარლამენტში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. პარტია ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირებს ინიციატივას და მოითხოვს, რომ ამნისტია 20 ივნისთან ერთად, 7 ნოემბრის და 26 მაისის საქმეებზეც გამოცხადდეს.
"გირჩი" ამბობს, რომ ეს იქნება ნაბიჯი შერიგებისკენ. ერთადერთი, ვისაც ამ ეტაპზე ინიციატივა მოსწონს, სალომე სამადაშვილია. სხვა პარტიების უმრავლესობა ამბობს, რომ ამ სამი მოვლენის შედარება და ერთ კონტექსტში განხილვა, არასერიოზულია.
იმ პარტიაში, რომელიც 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენების დროს ხელისუფლებას მართავდა და ვისზეც პასუხისმგებლობის დიდი წილი მიდის, ამბობენ, რომ 20 ივნისს სხვა თარიღებთან კავშირი არ აქვს. "ნაციონალური მოძრაობა" "გირჩს" მხარს არ უჭერს და მიაჩნია, რომ მათი ინიციატივა რეალობას აცდენილია.
7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების ამნისტირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მმართველი გუნდი. "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რატომ უნდა შედარდეს ეს 2 თარიღი 20 ივნისს.
"გირჩმა" კანონპროექტი დამოუკიდებლად შეიმუშავა და მის დარეგისტრირებას საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო კვირაში აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ინიციატივას მხარდაჭერა არც ოპოზიციაში აქვს და არც უმრავლესობაში, პარტია ოპონენტების დარწმუნებას მაინც შეეცდება.