პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. მსჯელობა 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა "ლელომ" და შალვა შავგულიძემ, თუმცა, ხმა არც მის წინააღმდეგ მიუციათ.
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, მათთვის არ არის ცხადი, რომ ცვლილებები რეალური იქნება და არა ფორმალური.
"ცხადია, რომ არის საკითხები, რომელიც თავიდან არ იყო ან არასწორად იყო, ცვლილებები ჩანს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე, შეთანხმების არსი შესრულდეს და ყველა მუხლი და პუნქტი ისე გაიწეროს, რომელიც შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების არა ფორმალურ, არამედ რეალურ შესრულებას უზრუნველყოფს. სანამ არ ვნახავ ამ სიცხადეს ტექსტში, მხარდაჭერის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებთ,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პროექტი ასევე განიხილეს საფინანსო - საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა, მომავალ კვირას კი მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. ამასთან, დოკუმენტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და როგორც დეპუტატები აცხადებენ, მეორე მოსმენამდე კომისიის შეფასებას დაელოდებიან.
კანონპროექტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს. იცვლება ცესკოს დაკომპლექტების წესიც. ცესკო-ს 8 პროფესიული და 9 პარტიული ნიშნით დანიშნული წევრები ეყოლება. ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება 2 მოადგილე, რომელთაგან ერთი ოპოზიციის მიერ იქნება შერჩეული. იცვლება საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირებით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3- ით მიიღებს.