"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ლელო" შარლ მიშელის შეთანხმების ჩაშლას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ "ლელომ" საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, თუმცა, ხმა არც დოკუმენტის წინააღმდეგ მიუცია.
"ლელო" იყო ერთადერთი პარტია, ვინც თავი შეიკავა და მაგალითად მოჰყავდათ, რომ ცესკოს არსებული შემადგენლობის გადანიშვნა უნდა მოხდეს ან მიღებული უნდა იქნას რაღაც ზომები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სპეციალურად განაცხადა, რომ, მაგალითად, თამარ ჟვანიას საკითხი არ იყო 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი და ამის ციტირება მოვახდინე ამ შეხვედრაზე. სამწუხაროდ, "ლელო" უყრუებს ამ განმარტებას და მიდის იქითკენ, რომ ჩაშალონ 19 აპრილის შეთანხმება, პატივს არ სცემენ საკუთარ ხელმოწერას ამ შეთანხმებაზე,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის იურიდიული, საფინანსო - საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა განიხილეს. მომავალ კვირას დოკუმენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. ამასთან, დოკუმენტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში და როგორც დეპუტატები აცხადებენ, მეორე მოსმენამდე კომისიის შეფასებას დაელოდებიან.
კანონპროექტის მიხედვით, არჩევნების შემდეგ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს. იცვლება ცესკოს დაკომპლექტების წესიც. ცესკო-ს 8 პროფესიული და 9 პარტიული ნიშნით დანიშნული წევრები ეყოლება. ცესკო-ს თავმჯდომარეს ეყოლება 2 მოადგილე, რომელთაგან ერთი ოპოზიციის მიერ იქნება შერჩეული. იცვლება საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირებით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3- ით მიიღებს.