17 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ამ წუთებში ოპოზიცია და "ოცნება" არჩევნებში ელექტრონული სისტემის გამოყენებაზე მსჯელობს

ამ წუთებში, საარჩევნო რეფორმის საკითხზე უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს კიდევ ერთხელ ხვდება. ამჯერად, მოლაპარაკება ცესკოში იმართება. დღეს განიხილავენ რეფორმის იმ ნაწილს, სადაც საუბარია არჩევნებში ელექტრონული სისტემის გამოყენებაზე.

ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის თანამონაწილეები ერთმნიშვნელოვნად მიესალმებიან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას არჩევნებში და ისინი მხარს უჭერენ, თუნდაც, საპილოტე ვერსიის დანერგვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ის ნაწილი, რომელიც შეეხება კენჭისყრის პროცედურებს, ამომრჩევლის იდენტიფიკაციას და ხმების დათვლას, ეს არ მოითხოვს არც ამომრჩევლის განსაკუთრებულ განათლებას, არც რევოლუციური ცვლილებების დანერგვას, ეს არის, უბრალოდ, მოდიფიცირება იმ პროცედურისა, რომელიც დღესაც გვაქვს ჩვენ და აქ არის ძალიან ბევრი რისკი გადაზღვეული,"-აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" გიორგი სიორიძე. 

"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილებები შეიძლება შეეხოს ამომრჩევლის იდენტიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცედურებს. 

"საარჩევნო დღეს არის სამი ფაზა, სადაც შეიძლება სხვადასხვა პროცედურის შეცვლა. ეს არის ამომრჩევლის იდენტიფიცირება, მეორე - ხმის მიცემის პროცედურა, ანუ ის გზა, რომელსაც გადის ბიულეტენი მისი აღებიდან ყუთში განთავსებამდე და ხმის დათვლის პროცედურა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა გადაწყვეტა არსებობს და ვფიქრობთ, რომ ამაზე შევჯერდეთ. მაგალითად, ხმის დათვლის დროს გამოვიყენოთ ხმის მთვლელი მანქანები, თუ დავაყენოთ კამერები დათვლის მაგიდებთან, რომელიც დააფიქსირებს ბიულეტენებს და ამ ბიულეტენზე დაფიქსირებულ ამომრჩევლის ნებას,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა ტექნოლოგიები დაინერგება არჩევნებისთვის, თუმცა, ამ ეტაპზე, საუბარია იმის შესახებ, რომ უნდა დაინერგოს სახის ამომცნობი სისტემა, საუბარია იმის შესახებაც, რომ არჩევნებზე გამოიყენებენ შტრიხკოდიან ბიულეტენებს და, ამასთან, ცვლილებებია დაგეგმილი ხმის მიცემისა და დათვლის პროცესთან დაკავშირებით.

დღის ამბები