ნახევარი საათის წინ დასრულდა საარჩევნო რეფორმის საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ამჯერად, მოლაპარაკება ცესკოში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს რეფორმის იმ ნაწილი, სადაც საუბარია არჩევნებში ელექტრონული სისტემის გამოყენებაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფები და უახლოეს პერიოდში დაიტესტება ის წინადადებები, რომელიც მხარეებმა წარმოადგინეს.
"შევთანხმდით იმაზე, რომ უკვე არსებულ წინადადებებთან დაკავშირებით გაიწეროს კონკრეტული გრაფიკი სამუშაო ვითარებაში, შეიქმნას კონკრეტული სამუშაო ჯგუფები და უახლოესი დღეებისთვის დაიგეგმოს შემოთავაზებული წინადადებების ტესტირება რეალურ სივრცესთან ახლოს,"-განაცხადა მან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის", გიორგი სიორიძის განცხადებით, ორი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეკრება ხვალაა დანიშნული.
"გამოთქმული შენიშვნები იყო გაანალიზებული და დავსახეთ უკვე კონკრეტული გრაფიკი, როდის რა უნდა გაკეთდეს. ხვალ შეიკრიბება ორი ტექნიკური ჯგუფი - ერთი, რომელიც ტექნიკურ პროცედურებზე იმუშავებს და კოორდინაციაში იქნება იურისტების ჯგუფთან, რომელიც იქნება კონკრეტულ კანონპროექტზე ორიენტირებული,"-განაცხადა მან.