ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემდეგ, როგორ გადანაწილდება თანამდებობები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - კვლავ ღიად რჩება შარლ მიშელის შეთანხმების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ოპოზიციამ უნდა დაიკავოს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა ის კაბინეტი დაიკავეს, სადაც ფრაქცია "ევროპული საქართველო" იყო წარმოდგენილი. გიორგი ვაშაძე აპირებს, რომ მალე ფრაქცია თავადაც შექმნას და საკანონმდებლო წინადადებებიც აქვს, თუმცა თანამდებობების გადანაწილებაზე ფიქრს ჯერ არ ჩქარობს.
მეათე მოწვევის პარლამენტში მეორე ფრაქცია პარტია "ლელომ" უკვე შექმნა. მათ ერთი კვოტა ეკუთვნით საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტზეც. ფრაქცია "ლელოს" წევრები აცხადებენ, რომ საპარლამენტო თანამდებობის გადანაწილებაზე მსჯელობას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც პარლამენტში საკუთარ სავარძლებს "ნაციონალური მოძრაობაც" შეავსებს.
სურვილი აუხდა "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს. ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ განათლების კომიტეტში ყოფნა პარლამენტში შესვლის დღიდან უნდოდა.
ირაკლი ქადაგიშვილი იმ კომიტეტის ხელმძღვანელია, რომლის თავმჯდომარეც შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, შესაძლოა, ოპოზიციონერი გახდეს. მზად არის პოსტი ოპონენტს დაუთმოს.
ამ დროისთვის, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 ადგილიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ 117-ია შევსებული. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებისთვის განკუთვნილი სავარძლები თავისუფალია. 84 დეპუტატი "ქართული ოცნების" შემადგენლობაშია, შესაბამისად, კანონების დამტკიცებისას გადამწყვეტი სიტყვაც მათ ეკუთვნით. შექმნილია ორი ფრაქციაც.